საკურორტო და ტურისტულ ზონებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობები შენდება
დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ბორჯომში მიმდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
საკურორტო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო. მინერალური წყლებით მდიდარი კურორტის მოსახლეობა და დამსვენებლები სასმელ წყალს არასტაბილური გრაფიკით იღებდნენ.
ამჟამად ბორჯომში 12 ფილტრიანი, თანამედროვე კომპიუტერული სისტემით აღჭურვილი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული ნაგებობა წამში 140 ლიტრ წყალს ფილტრავს, რაც სავსებით დააკმაყოფილებს სუფთა სასმელი წყლით ბორჯომის მოსახლეობას და დამსვენებლებს.
აღნიშნული შენობა, საქართველოში თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიის სქემით დაპროექტებული უკვე მეორე ნაგებობაა. მსგავსი ტიპის, მრავალფუნქციური წყლის გამწმენდი ნაგებობა კომპანიამ გასულ წელს დაბა ბაკურიანში ააშენა და ის უკვე წარმატებულად ფუნქციონირებს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება აღნიშნული წყლის გამწმენდი ნაგებობის დაერთება ბორჯომის წყალსადენ ქსელთან, რომლის რეაბილიტაციაც, გასულ წელს განხორციელდა. შეიცვალა შიდა ქსელი, რის შედეგადაც მოსახლეობის 80% 24 საათიან წყალმომარაგებაზე უკვე გადავიდა, ხოლო 20%-ს წყალი სტაბილურად ყოველდღე 8-10 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.
ბორჯომში წყალმომარაგების სისტემაზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ჯამში 400 ადამიანია დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.