,,მშენებლობა განვადებით'' პროგრამის ფარგლებში წყალტუბოსა და 3 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წყალტუბოსა და სოფლების: გუმბრას, თერნალისა და გვიშტიბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია
შპს „მშენებელი 80“-ის დირექტორმა, ვალერი ბუცხრიკიძემ მოაწერეს.
სამუშაოების ფარგლებში სამი სოფლის წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ახალი ქსელების, მაგისტრალური მილისა და სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით, რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები. ქალაქ წყალტუბოში კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებისთვის წყალმომარაგების შიდა და გარე გამანაწილებელი ქსელი მოეწყობა.
პროექტის შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: გუმბრას, თერნალისა და გვიშტიბის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.