საქართველოს სამი დიდი ქალაქის, სამი მასშტაბური პროექტი
თელავში, გორსა და ქუთაისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის 14 მლნ ლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია სამივე ქალაქში სრულყოპილი წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების შეიქმნა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება.
თელავში, სამუშაოების დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დაესწრნენ. რამაზ ნკოლაიშვილი და ირაკლი კვაშილავა ამ წუთებში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. მინისტრი გეგმავს დეტალურად მოისმინოს თელაველების პრობლემები და ახალი პროექტი ადგილობრივებს პირადად გააცნოს.
თელავში წყლამომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების საკითხი ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსახლეობა სასმელ წყალს კვირაში 2 დღე, 3 ან 4 საათიანი გრაფიკით იღებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, თელავის მოსახლეობა წყალს ყოველ დღე, 12 საათიანი გრაფიკით მიიღებს. ასევე გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი. პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობების კომპლექსის მშენებლობა. ასევე, თვითდენითი წყალსადენების მოწყობა. პროექტის მიხედვით, თელავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქუჩაზე კანალიზაციის ქსელი მოეწყობა და მთავარ კოლექტორთან მიერთდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემა არასოდეს ჰქონია.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისსა და გორშიც მიმდინარეობს. ამჟამად გორის მოსახლეობის დიდ ნაწილს, წყალი დღეღამეში 4 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, წყლის მიწოდების გრაფიკი 24 საათამდე გაიზრდება. ქუთაისში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუხაიძის მიკრორაიონისა და ე.წ. “პლაშდკას” დასახლების ამორტიზირებულ ქსელს. ამჟამად, აღნიშნული უბნების მოსახლეობას წყალი დღეღამეში 6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და წყლის მიწიდების გრაფიკი 12 საათამდე გაიზრდება.
14 მილიონიანი პროექტის განხორციელების შემდეგ გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ქუთაისის 20 ათასი, გორის 13 ათასი და თელავის 29 ათასი მოსახლე ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამივე ქალაქში 2012 წელს დასრულდება.