მოსეს მოლოდინში
სოფელი უდაბნო გარეჯის ზეგანზე მდებარეობს, სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯიდან ხელის გაწვდენაზე. ეკომიგრანტები აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაასახლეს. 90-იანი წლების დასაწყისამდე წყალიც ჰქონდათ და ბედსაც არ უჩიოდნენ. მერე ცხოვრება იმდენად გაძნელდა, რომ ხუმრობდნენ, ალბათ, 40 წლის მერე მოსე მოვა და აღთქმულ ქვეყანაში გაგვიყვანს, ან წყალს მოგვიყვანს და უდაბნო წალკოტად გადაიქცევაო.
ორ ათეულ წელზე მეტია, ხალხი სასმელ და ტექნიკურ წყალს ცისტერნებით საგარეჯოში ყიდულობდა და წვეთ-წვეთად იზოგავდა. ვისაც წყლის შესაძენი ფული არ ჰქონდა, ზამთარში თოვლს ადნობდა, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის ინფექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდებოდა.
ხალხი, რომელსაც მეცხოველეობით გაჰქონდა თავი, გაიტანჯა, ბევრმა ვერ გაუძლო, სახლები ჩალის ფასად გაყიდა და უდაბნოდან გაიქცა.
ორი თვეა, სოფელში წყალი აჩუხჩუხდა. ახლა მოსეს აღარ ელიან და არც სოფლიდან გარბის ვინმე. მეტიც, ვინც ისე გაიქცა, რომ სახლი არ გაყიდა, დაბრუნდა, მიწაც დაირეგისტრირა, სახლ-კარიც.
"ახლა უდაბნოზე თვალი უცხოელებსაც უჭირავთ"
უდაბნოში ვაშლის ხეებს ტოტები ნაყოფის სიმძიმით ატყდებათ. კიტრი და პამიდორი ჯერაც მწიფობს, ბაღში, ხილის სხვა ნერგებთან ერთად, კივიც ხარობს. ჯემალ იოსელიანი კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს.
ჯემალ იოსელიანი, კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს
ალექსანდრე იოსელიანი: "7 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი და წყლის კომპანიის ხელმძღვანელი დაგვპირდნენ, წყალი გექნებათო. მერე მუშაობაც გაჩაღდა. ერთ დღესაც, წყალი რომ მოვიდა, სიხარულისგან დავმუნჯდით. უწყლოობისგან ისე გვიჭირდა, ხალხმა სახლები და მიწა 350-500 დოლარად გაყიდა. ზოგმა ძროხაშიც კი გაცვალა. ადრე 350 დოლარად რომ იყიდდით, ისეთ სახლს ახლა 3.500-დაც ვერ იპოვით. აქაურობით განა მხოლოდ ქართველები დაინტერესდნენ? წყალს არაბები მოჰყვა, ერთი გლეხი მანქანაში ჩაისვეს, უდაბნოს ათვალიერებდნენ და ეკითხებოდნენ, აქ მიწა რა ღირს, რამდენად ვიყიდითო? რამდენჯერ წავასწარით, ნიადაგს ხელით სინჯავდნენ.
აქვე ბეთანიის მონასტრის მრევლმა შეიძინა მიწა, ბუსტუღი დარგეს, 5000 ძირი. სანამ წყალი გამოჩნდებოდა, ერთმა პოლონელმა კაცმა სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო და ადგილობრივებიც ჩართო საქმეში. ისეთი კაცია, თითქოს აქაური იყოს".
უდაბნოელებმა გადმოცემით იციან, რომ აქ ოდესღაც ხშირი ტყე იყო და მტერს ცეცხლი რომ მოუკიდებია, ორი წელი მძვინვარებდა ხანძარი. მაშინ გაუდაბნოებულა აქაურობა. სარწყავი წყლის საკითხსაც თუ მოგვიგვარებენ და ქარსაცავი ზოლების გაკეთებაც შევძელით, უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარების სამაგალითო მოდელს შევქმნითო, ამბობენ უდაბნოელები.