წნორის მოსახლეობა ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს
2016-07-26
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ქ. წნორის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ახალი რეზერვუარების, სატუმბი და საქლორატორო სადგურების მშენებლობას. მათ შორის ჭაბურღილებისა და მაგისტრალური ქსელის მოწყობას.
წნორში დღემდე არ არსებობდა წყალმომარაგების ქსელი.სამუშაოების დასრულების შედეგად, 5500-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს და წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკით იქნება უზრუნველყოფილი.
სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია, 2017 წლის თებერვალში დასრულდება. სამუშაოებზე 160-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.