წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მისი დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სისტემით, მაღალი ხარისხის წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. პროექტის მიმდინარეობა დღეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და დირექტორის პირველმა მოადგილემ, ანრი კაპანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ამაშუკელთან ერთად დაათვალიერეს. პროექტი ითვალისწინებს 1250 მ3 მოცულობის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრულ რეაბილიტაციას, ქალაქის ქსელის სამი ზონის მოწყობას და 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ”ზიმო” ახორციელებს. სამუშაოებზე 23 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. მიმდინარე პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.