აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოყო


2015-02-05

აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის  "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" მეოთხე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, რაც  საქართველოსთვის 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი დავით შავლიაშვილი ესწრებოდა.  საპროექტო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა მოაწერეს. აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 20 მილიონ აშშ დოლართან ერთად ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობასა და ფოთში კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება.  ქალაქ ზუგდიდს ამ დრომდე ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გააჩნია.  პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში სასმელი წყლის სრული სისტემის მშენებლობა იგეგმება. მოეწყობა სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, რეზერვუარი, გამანაწილებელი ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ ზუგდიდი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 
დღემდე ფოთის მოსახლეობის მხოლოდ 25% სარგებლობდა კანალიზაციის მომსახურებით.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში (IV ტრანში), ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობაა დაგეგმილი. ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ხოლო კანალიზაციის სისტემის ნაწილი დაუერთდება სამხრეთ ნაწილში არსებულ გამწმენდ ნაგებობას. შედეგად ფოთის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი კანალიზაციის მომსახურებით.
2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB)  შორის 2011 წელს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებით (FFA- 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი) გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი,  ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).
FFA-ის ფარგლებში ამჟამად უკვე გამოყოფილია 3 ტრანში ჯამურად დაახლოებით 218 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი სამუშაოებისთვის:
I ტრანში: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა. 
II ტრანში: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.
III ტრანში: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა.

 




სიახლეები