წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა აბაშის მოსახლეობას მიმდინარე პროექტი გააცნეს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია ”ეპტისას“ წარმომადგენლებმა, აბაშის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტის შესახებ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე კომპანია ,,ეპტისამ“ პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას, როგორც მიმდინარე პროექტზე, ასევე, წყლის რაციონალურად მოხმარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებში არსებული აზბესტის მაგისტრალური მილდენი ამორტიზებულია და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს. ხშირია ქსელის დაზიანების ფაქტები, რის გამოც, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე არსებული აზბესტის მილები პოლიეთილენის მილებით იცვლება, დამატებით გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მიმდინარეობს მეიდნის წყლის სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბაშისა და მიმდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობას - 9 000 -მდე ადამიანს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს 12 მილიონი ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია ,,ეპტისა’’ უწევს. პროექტის დასრულება სამ თვეში იგეგმება.