ქვემო ქართლში პროექტი - „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ხორციელდება
ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პროექტი - „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველოს WASH - სათემო ინიციატივა“ ხორციელდება.
მიმდინარე პროექტები, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
შეხვედრისას, წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვასაძემ იმ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით ხორციელდება. ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმოიხილა.
CENN-ი პროექტებს დმანისში, წალკაში, მარნეულსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. დაგეგმილია საზოგადოებრივი დაწესებულებებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის წყალმომარაგების პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ფინანსური დახმარების გაწევა.
პროექტის მიზანია მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
შეხვედრის ბოლოს მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.