დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს და შეამცირე დანახარჯი!
პლანეტის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული, უფრო ზუსტად კი დედამიწის 71% წყალს უკავია, რომელიც ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, ტბების, ჭაობების, ყინულოვანი თუ თოვლიანი საფარის სახით არის წარმოდგენილი. მიუხედავად წყლის სიუხვისა, სულ რაღაც 2,5% არის მტკნარი წყალი, მოხმარებისთვის ვარგისი. თუმცა, მტკნარი წყლის უდიდესი ნაწილის გამოყენება ადამიანისთვის მიუწვდომელია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებშიც კი. ადამიანს შეუძლია არსებული მტკნარი წყლის 0.3%-ს წყლის მოხმარება.
წყალი საჭიროა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, საკვების, წამლების და კომპიუტერული მიკროსქემის წარმოებაშიც კი. წყლის მოხმარება მუდმივად იზრდება, შესაბამისად, იზრდება წყლის დეფიციტიც. წყლის რაოდენობის სიმცირემ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას ჰიგიენის დაცვის კუთხით და გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ქალებისა და გოგოებისთვის აუნაზღაურებელი შრომის გაზრდილ ტვირთს უკავშირდება.
წყლის რესურსის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია წყლის რესურსების არასწორი გამოყენება. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წყლის საშუალო მოხმარება დღე-ღამეში უფრო მაღალია ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. თბილისის მცხოვრებნი დღე-ღამეში საშუალოდ 400 ლიტრ წყალს მოიხმარენ. წყლის მოხმარება უფრო მაღალია კერძო სახლებში, სადაც ყოველდღიურად 1000 ლიტრი წყალი მოიხმარება. ევროკავშირის ქვეყნებში დღე-ღამეში მოხმარებული წყალი 100-200 ლიტრს შორის მერყეობს[1].
მნიშვნელოვანია საქართველოში გაიზარდოს წყლის რაციონალურად გამოყენება, დაიზოგოს და გონივრულად განიკარგოს სასმელი წყლის არსებული რესურსი.
ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს გააჩნია წყლის დაზოგვისა და ეფექტურად გამოყენების პოტენციალი. მნიშვნელოვანია დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანების ცნობიერების გაზრდა წყლის ეფექტურად მოხმარებაზე.
რჩევები წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის
როგორ შეგიძლია დაზოგო წყალი შენ?!
- მოშვებული ონკანიდან ერთ წუთში, დაახლოებით, 5-10 ლიტრი წყალი იხარჯება.
დახურე ონკანი კბილების გახეხვის დროს! თუ თქვენ გაიხეხავთ კბილებს რეკომენდირებული 2 წუთის განმავლობაში, ონკანის დახურვის შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ საშუალოდ 28 ლიტრ წყალს დღეში.
ნუ გარეცხავთ ჭურჭელს გამდინარე წყლის ჭავლით. ჭურჭლის გარეცხვამდე თეფშებს მოაცილეთ საჭმლის ნარჩენები, მოაგროვეთ წყალი ნიჟარაში ან ჯამში და გახსენით წყლის გამრეცხი საშუალება, მიღებულ ხსნარში დაამუშავეთ გასარეცხი ჭურჭელი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაავლეთ გამდინარე წყალი. ამ ხერხით, თქვენ დაზოგავთ დასახარჯი წყლის ნახევარს.
არ გაალღო გაყინული პროდუქტი გამდინარე წყალში.
- უნიტაზის ერთ ჩარეცხვას, დაახლოებით, 3-დან- 8 ლიტრამდე წყალი ჭირდება.
გამოიყენე უნიტაზი, რომელსაც აქვს რეზერვუარი ნაკლები წყლის მოცულობით. დაარეგულირე წყლის საჭირო ნაკადი რეზერვუარის შემავსებელი მექანიზმის მეშვეობით. კვლევები ადასტურებს, რომ სასმელი წყლის დანახარჯის 1/3 ნაწილი უნიტაზის მოხმარებულ წყალზე მოდის.
- შხაპის მიღების დროს საშუალოდ 50-დან 150 ლიტრამდე წყალი იხარჯება.
ნუ მოუშვებთ ონკანს წინასწარ, შხაპის მიღებამდე. შეარჩიეთ საშხაპე ყურმილი, რომელზე დატანილ ხვრელებსაც შეუძლიათ წყლის მცირე ნაკადის გატარება. მაქსიმალურად შეამცირეთ შხაპის მიღების დრო და არ დაგავიწყდეთ წყლის გამორთვა როცა მას არ იყენებთ.
- სასმელი წყლის გაციების მიზნით მოშვებული ონკანიდან იღვრება, დაახლოებით, 3-5 ლიტრი წყალი
შეინახეთ წყლით სავსე ბოთლი მაცივარში, ამ ცვლილებით დღეში 250 ლიტრამდე წყალი შეგიძლიათ დაზოგოთ.
- დაზიანებული ონკანიდან წამში ერთი წვეთი წყლის დაკარგვით, დღე-ღამეში 4-5 ლიტრი წყალი იხარჯება.
შეაკეთეთ დაზიანებული ონკანები, მილები რათა დაზოგოთ წყალი და შესაბამისად დაზოგოთ წყლის გადასახადი.
- წლის განმავლობაში საშუალოდ მინიმუმ 5000 ლიტრი წყალი გამოიყენება ბაღის მოვლისთვის
ნაცვლად ონკანის წყლისა, ბაღის მოსარწყავად გამოიყენეთ შეგროვებული წვიმის წყალი.
სწორად შეარჩიეთ ბაღის მორწყვის დრო. იმ საათებში როდესაც ტემპერატურა მაღალია და აორთქლება ხდება, გამოყენებული წყლის ნაწილი მცენარეებამდე ვერ აღწევს და ორთქლდება. მორწყეთ თქვენი ბაღი დილით ან საღამოს, რათა ნაკლები წყლის რაოდენობით მოხდეს მიწის დატენიანება.
წყლის ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ მოვალეობაა.
წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცხელ ხაზს: (+995) 32 293 00 00
კომპანიის მისამართი:
თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N-5
ელ. ფოსტა: info@water.gov.ge
ვებ-საიტი : water.gov.ge