წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა
15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების: ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
სტიქიის ზონაში, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა.
კომპანიის ხელმძღვანელობა სტიქიის შემდეგ ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მდგომარეობასაც.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული.
სტიქიის შედეგად, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება.