"2020 წელს დამატებით 300 ათასზე მეტ ადამიანს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება"



„წყალმომარაგების კუთხით რთული მემკვიდრეობა გვერგო, თუმცა მემკვიდრეობაზე და წარსულზე საუბარი ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის. ჩვენი კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქებში პრობლემის მოსაგვარებლად წყალმომარაგების მშენებლობა–რეაბილიტაციის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - ამის შესახებ „აიპრესთან“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ განაცხადა.
 

ბატონო გიორგი, საქართველოს რეგიონებში მომხმარებელს წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

კომპანიის მთავარ მიზანს სწორედ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება, ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება და ამ სისტემის მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოვება წარმოადგენს. თუმცა, ამის მიღწევას უამრავი ფინანსური რესურსი, დრო და შრომა სჭირდება.

საქართველოში ნახევარ საუკუნეზე მეტია არ განხორციელებულა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის რაოდენობა დიდია ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში ის არ არის თანაბრად განაწილებული სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, დასავლეთში გაცილებით მეტი წყლის რესურსია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი პრობლემებს ქმნის. გარდა ამისა, ხარისხიანი სასმელი წყლის თითოეულ ოჯახამდე მიყვანა ძალიან დიდი ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, საჭიროა მოპოვება, დამუშავება, მიწოდება.

რეგიონებში ამჟამად 40-ზე მეტ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. შენდება ახალი რეზერვუარები, სასმელი წყლის ქსელები, მაგისტრალური მილსადენები, საქლორატოროები, სატუმბი სადგურები, გამწმენდი ნაგებობები. ამ დროისთვის მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 600 მილიონ ლარამდეა. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ ძირითად მიზანს, 24 საათიან წყალმომარაგებას. 

რამდენად ახერხებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის ხარისხის კონტროლს?

კომპანია სასმელი წყლის ხარისხს მუდმივად აკონტროლებს ყოველდღიურ რეჟიმში. რეგიონების მიხედვით კომპანიას 44 ლაბორატორია აქვს, მათ შორის არის მობილური ლაბორატორიებიც. გარდა ამისა, კომპანია ფლობს უმაღლესი დონის თანამედროვე წყლის ცენტრალურ ლაბორატორიას, რომელიც კოორდინაციას და კონტროლს უწევს რეგიონის ლაბორატორიებს და რეგულარულად აკონტროლებს წყლის ხარისხს რეგიონებში. კომპანიის ცენტრალურ ლაბორატორიაში წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევების ჩატარება ეროვნული და ISO სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. 

წყალმომარაგების კუთხით ოკუპირებული ტერიტორიასთან მდებარე სოფლებში პრობლემები იყო. დღეს რა მდგომარეობაა?

2008 წლის ომის შემდეგ, წყალმომარაგების გარეშე ბევრი სოფელი დარჩა, ანუ სათავე ნაგებობები საიდანაც ეს სოფლები წყლით მარაგდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

კომპანიამ 9 სოფელს ინდივიდუალური ჭაბურღილები, სისტემები აუშენა. 10 სოფელში დღესაც მიმდინარეობს ჭაბურღილების, საქლორატოროს და სადაწნეო კოშკის მშენებლობა. წლის ბოლოს საზღვრისპირა მდებარე 19 სოფელში წყლის პრობლემა მოგვარებული იქნება.

წყალმომარაგების კუთხით სერიოზული პრობლემებია ტურისტული ზონებში: ბახმარო, გუდაური, აბასთუმანი...

ამ ეტაპზე ბახმარო არ შედის ჩვენს ოპერირების არეალში, თუმცა ეს საკითხი უკვე დგას დღის წესრიგში. ჩვენი სამინისტრო ბახმაროში არა მარტო წყალმომარაგების კუთხით, არამედ კომპლექსურად გეგმავს პროექტების განხორციელებას. რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყალმომარაგება იქნება. შესწავლის პროცესი მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში საპროექტო სამუშაოებს დავიწყებთ, რასაც მშენებლობაც მოყვება.

რაც შეეხება სხვა საკურორტო ზონებს, მაგალითად გუდაურში წყლის პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში მწვავედ იდგა, სადაც კომპანიამ პირველი გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა დაიწყო, რომელიც წლების განმავლობაში სასტუმროების მეპატრონეებს ინდივიდუალურად- ქაოტურად ჰქონდათ მოწყობილი. რა თქმა უნდა მესმის, მათ თავის დროზე სხვა გამოსავალი არ ქონდათ. ამ პრობლემას მოვხსნით და წლის ბოლოს სრულიად ახალი ქსელით შევხდებით. გუდაურში აშენდება 1000 კუბი მოცულობის ახალი რეზერვუარი და დაიწყება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

გუდაურში არსებული წყლის რესურსის არარაციონალური ხარჯვა ხდებოდა. რის გამოც ვაპირებთ ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობას, რათა გავზარდოთ დებიტი. ასე რომ, გუდაურში წყლის პრობლემა საშვილიშვილოდ იქნება მოხსნილი.

რაც შეეხება ბაკურიანს, დიდველისა და მიტარბის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების გახორციელებას ვიწყებთ.

ჩვენ შარშან ურეკი-შეკვეთილის წყალმომარაგების პროექტები განხორციელება დავიწყეთ, სადაც ახალი სათაო ნაგებობა, 3 რეზერვუარი, მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელი შენდება. ასევე მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტი 2017 წლის ბოლოს დასრულდება. რის შემდეგ, ურეკი-შეკვეთილს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. 

სადა აპირებთ ახალი პროექტების განხორციელებას?

საპროექტო სამუშაოებს ვიწყებთ კურორტ აბასთუმანში, რასაც სამშენებლო სამუშაოები მოჰყვება. აქაც მწვავედ დგა წყალმომარაგების საკითხი, თუმცა ეს პრობლემაც ახლო მომავალში მოგვარდება. 

ყველაზე სინტერესო პროექტი, რომელიც გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა...

ანაკლიის პროექტი - 3 წლის წინ სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდით ისეთი შეფერილი წყალი იყო გაოგნებული დავრჩი. იმდენად დაბინძურებული იყო, დასალევად კი არა ხელის დაბანა შეუძლებელი იყო. ამ პრობლემის აღმოფხვრა შევძელით.

დღეს, ანაკლიას 24 საათიანი წყალმომარაგება და ხარისხიანი სასმელი წყალი აქვს. გარდა ამისა, ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ვახორცილებთ. პროექტის დასრულების შემდეგ, ანაკლიაში წლების განმავლობაში არსებული კანალიზაციის პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდება, ასევე შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000 -ზე მეტ ტურისტს მოემსახურება. სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დამთავრდება.

ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს მესტიაში. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი წყლის გამწმენდი ნაგებობა, 2 ახალი რეზერვუარი და წყლის მაგისტრალური მილსადენი. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, შედეგად მესტიაში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი და ასევე, იქ ჩასული ტურისტები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროექტი 2017 წელს დასრულდება.

თქვენ საუბრობთ, რომ კომპანია მიზანია რეგიონებში 24 საათიანი გრაფიკი, თუმცა ქალაქ ზუგდიდში კომუნისტების პერიოდის შემდეგ  ვერ მოგვარდა პრობლემა, მხოლოდ 3 საათიანი გრაფიკია... 

რაც შეეხება ზუგდიდს წლებია ქალაქში წყლის პრობლემა მწვავედ იდგა. 90 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტს ვახორციელებთ, დაწყებულია წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობას, რომელიც 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები, 70 - ათასამდე ადამიანი 20-24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ასევე, ზუგდიდში წყალარინების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროექტისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებულს როგორც კი გამოვავლენთ, გავაფორმებთ კონტრაქტს და კანალიზაციის პრობლემაც 100%-ით მოგვარდება. მესამე ფაზა იქნება გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რითიც გარემოზე მავნე ზემოქმედება მკვეთრად შემცირდება. 

ასევე პრობლემებია ფოთში...

ფოთში დავასრულეთ პირველი ეტაპის სამუშაოები, აშენდა სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. 

რაც შეეხება ფოთის პრობლემას, ეს არის კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემები. ალბათ იცით, ჩამდინარე წყლები პირდაპირ ჩაედინებოდა ზღვაში. ამ პრობლემების გადასაჭრელად კომპანია ფოთში კანალიზაციის ქსელების მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა, სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება და ფოთის მოსახლეობა კანალიზაციის გამართული სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.

მინდა გითხრათ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები 2020 წელს დაასრულდება და დამატებით 300 ათასზე მეტი ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყიფილი.

 

ირმა მესხია

www.ipress.ge