შეხვედრები რეგიონებში
სამცხე ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და წყალმომარაგების კომპანიის ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე მხარეში კომპანიის მიერ წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს, ასევე იმსჯელეს სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების შესახებ. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებმა მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში და მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, არჩილ ცაბუტაშვილის თქმით, წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წელს ქალაქ წაღვერის, დაბა ასპინძის, ქალაქ ახალციხის და ქალაქ ლიკანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას გეგმავს, ასევე უახლოეს მომავალში დასრულდება საფარის მონასტრის წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები, განხორციელებული პროექტების შედეგად მოსახლეობა ეტაპობრივად უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. მისივე განცხადებით, 2014 წელს კომპანია წყალმომარაგების სფეროში სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს 28 ქალაქში განახორციელებს, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 40 მილიონი ევრო გამოიყოფა.