ეკატერინე გალდავა - იშვიათად ნახავთ ქვეყანას, სადაც ასე არარაციონალურად იღვრებოდეს წყალი, თუნდაც ონკანებიდან



საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2010 წლიდან საქმიანობს. კომპანია ამჟამად ოპერირებას საქართველოს 57 ქალაქსა და 315 სოფელს უწევს. კომპანიის საქმიანობის, რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევების, უკვე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ეკატერინე გალდავას ვესაუბრეთ.

- საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2010 წელს შეიქმნა, რომლის 100% -იან წილს სახელმწიფო ფლობს, ხოლო დამფუძნებელი/პარტნიორი გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანიას მომსახურების საკმაოდ ვრცელი და ფართო არეალი აქვს და ამ ეტაპზე მოიცავს 57 ქალაქსა და 315 სოფელს. გარდა ამ სოფლებისა, არსებობს 3 500 სოფელი, სადაც ჩვენი კომპანია არ ოპერირებს. ეს არის საკმაოდ საინტერესო და მძიმე თემა ჩვენთვის. ვცდილობთ, რომ შევქმნათ ამ ადგილებში სტატეგია წყალმომარაგების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. კომპანიის საქმიანობა უკავშირდება წყლის მოპოვებასა და მომხმარებლამდე სტაბილურად მიწოდებას. გარდა ამისა, საქმიანობაში შედის არსებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოვლა-პატრონობა, ასევე წყლის ხარისხის უზრუნველყოფა, რომელიც უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მეოთხე ყველაზე საინტერესო თემა გახლავთ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე ძალიან აქტუალური გახდა. ენერგოეფექტურობაში ვგულისხმობ არსებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებსა და წყალარინების გამწმენდ ნაგებობებს. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარება გულისხმობს მოსახლეობის 24-სააათიან ხარისხიან წყალმომარაგებას. 
მეორე აქტუალური საკითხს წყალარინების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით საკანალიზაციო ქსელი, განსაკუთრებით ქალაქებში ძალიან მოძველებული და ამორტიზებულია, რადგან ათეული წლებია მათი მასშტაბური რეაბილიტაცია არ მომხდარა. ევროკავშირის ახალი სტანდარტებით უნდა უზრუნველვყოთ ამ სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რეგულაციების მიხედვით აუცილებლად უნდა არსებობდეს გამწმენდი ნაგებობები ქვეყნაში და დღეს, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ ნაგებობების მშენებლობაზე. 

- ჩვენ ვიცით, რომ წყალმომარაგების კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უკავშირდება მოძველებულ ინფრასტრუქტურას. რა არის ის მთავარი გამოწვევები, რაც წყალმომარაგების კუთხით ქვეყანაში არსებობს და რა პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით? 
- მიუხედავდ იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის პრობლემა კვლავ მთავარ გამოწვევად გვრჩება რეგიონებში. იყო გარკვეული პროექტები, რომელიც რამდენიმე ქალაქში მოიცავდა ინფრასტრუქტურის ნაწილის განახლებას, ხშირ შემთხვევაში კი სისტემების სრულად რეაბილიტაციას არ ითვალისიწინებდა. ამიტომ, არსებული პრობლემების კომპლექსურად მოგვარების მიზნით აზიის განვითარეების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, 11 ქალაქში უკვე მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესების კუთხით საკმაოდ მსხვილი სამუშაოები. პროექტები, რომლის მოცულობა 500 მილიონ დოლარს შეადგენს, 11 ქალაქში შექმნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას და 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის წყალს ჩვენს თანამოქალაქეებს. 
რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები ძალიან ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი გამოწვევად დგას სასმელი წყლის არარაციონალურად გამოყენება. ჩვენ არ ვუფრთხილდებით ისეთ სიმდიდრეს, როგორიც არის წყლის რესურსი და არაყაირათიანად ვხარჯავთ მას აგრარული მიზნებისთვის. დღეს, წყალი საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახდა, როგორც თავისი არსებობით, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობითაც. იშვიათად ნახავთ ქვეყანას, სადაც ასე არარაციონალურად იღვრებოდეს წყალი თუნდაც ონკანებიდან. კიდევ ერთი გამოწვევა, ეს არის პროფესიონალი და გამოცდილი კადრების არარსებობა ამ სფეროში, რომელიც შეძლებდა მაღალი ტექნოლოგიების მქონე პროექტების ოპერირებას. ეს არ არის ადვილი თემა და ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგას კომპანია. თაობას, რომელსაც მე თვითონ წარმოვადგენ და უფროს თაობას ჰყავდათ ინჟინერ-სპეციალისტები, რომლებიც კარგად და სიღმისეულად ერკვეოდნენ მშენებლობაში, წყალმომარაგების დარგში. დღეს, კი ნაკლებად არიან ასეთი ადამიანები. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ პროექტების ოპერირებას. მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ენერგოეფექტურობა. მსოფლიოში, ბოლო დროს იმატა ტენდენციამ, რომ ყველაფერი ენერგოეფექტური გახდეს, რაც გვაძლევს ნაკლებ ელექტროხარჯთან დაკავშირებულ შედეგებს. ახალი პროექტებიც სწორედ ამ კუთხით არის დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარჯების დაზოგვასაც. 
თუმცა, უმთავრესი გამოწვევად მაინც გვრჩება ჩვენი თანამოქალქეების სტაბილური სასმელი წყლით უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ არის ბევრი ადგილი და სოფელი, სადაც წყლის პრობლემები აქტუალურია. არა თუ სოფლები, არსებობდა ქალაქებიც კი, სადაც დღის განმავლობაში მოსახლოება წყალს 2-3 საათის განმავლობაში იღებდა. მიმდინარე პროექტების დასრულებისთანავე, ამ ადგილებში წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა აღარ იქნება. რაც შეეხება სოფლებს და რეგიონებს, აქ უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ სტრატეგიაზე. უნდა გაკეთდეს შესწავლითი პროგრამა, რომელიც გვაჩვენებს, რა გვაქვს წყლის რესურსების მიმართულებით - გავიგებთ საერთოდ როგორია მოხმარების სტატისტიკა, რა არის წყლის საფასური და როგორ უნდა მივიდეს აბონენტამდე. გამომდინარე იქედან, რომ ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირბეული, სოფლებში შესაძლოა ადგილობრივი პროექტები განხორციელდეს, რომელიც მოიცავს პატარა საქლორატოროს, ჭაბურღილებს და მოემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს. 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი აუცილებელია ყველას გვქონდეს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. 

- გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რაც წყლის რაციონალურ ხარჯვას შეუწყობს ხელს. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? 
- დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვემსახურებით 300 000-ზე მეტ აბონენტს. როდესაც კომპანია შეიქმნა, ამასთან ერთად მუნიციპალიტეტების ძველი ტარიფებიც გადმოვიდა. არსებობს 40-ზე მეტი სხვადასხვა გადახდის ტარიფი მუნიციპალიტეტების მიხედვით. მაგალითად: მესტიაში სხვა ტარიფია დადგენილი, თიანეთში სხვა ტარიფის მიხედვით იხდიან აბონენტები, თელავში სხვა და ა.შ. ამ ტარიფების პოლიტიკაც მოსაწერსრიგებელია და აუცილებელად უნდა მოხდეს მისი გადახედვა. როდესაც აბონენტის გამრიცხველიანდება და ოჯახს ეს მრიცხველი დაუყენდება, რა თქმა უნდა ის უფრო დაზოგავს და გაუფრთხილდება წყალს. 

- როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, საქართველოში ბევრი პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ხორციელდება. რა როლი აქვს საერთაშორისო ინვესტიციებს ქართული წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით? 
- დღეისათვის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია ძირითადად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ფინასური მხარდაჭერით ვახორციელებთ. აზიის განვითარების ბანკი (ADB) არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი და ამ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან პროექტების განხორციელებისთვის უკვე გამოყოფილია 500 მილიონ დოლარი. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელსაც გარკვეული პროექტები აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ქალაქში. უკვე დავიწყეთ პარტნიორობა გერმანიის განვითარების ბანკთან და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მთლიანობაში, საკმაოდ დიდი ინვესტიცია იდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა. ყველაფერი გვაქვს ღიად, ხარისხიანად და ვცდილობთ მოვაგვაროთ კომპლექსურად პრობლემები, რომელიც შემდგომ უკვე გათვლილი იქნება მრავალწლიან მომსახურებაზე. 

- თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის რეგიონები, რომლებსაც წყალმომარაგების კუთხით ყველაზე მეტად აქვს პრობლემები. 

- მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა გამომწევევები საკმაოდ აქტუალურია. განსაკუთრებით, რთული მდგომარეობაა გურიასა და კახეთის რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ცენტრალიზებულ წყალმომარაგებით უზრუნველყოფა საკმაოდ მწირია. წყალმომარაგების ხელმისაწვდომობის კუთხით, რთულია მდგომარეობა მაღალმთიან სოფლებშიც. კახეთში არც თუ ისე მცირე თანხაა დახარჯული სამუშაოებზე, თუმცა ჯერ არის გარდამავალი პროცესი ანუ პროექტები დასრულებული არ არის. როდესაც საბოლოოდ დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, კახეთში გაუმჯობესდება მდგომარეობაც. ასევე გვაქვს ამ რეგიონში არალეგალური დაერთებების არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს და ხალხმაც გაითავისოს, რომ შესაბამისი საფასურის გადახდა აუცილებელია. რაც შეეხება გურიას: მიუხედავად იმისა, რომ ურეკში საკმაოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება, არის გარკვეული პრობლემები სოფლებში. რაც შეეხება ტურისტულ ზონებს, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ამ ადგილებს ვუთმობთ. როდესაც ტურისტი ჩამოდის საქართველოში და წყლის პრობლემა დახვდება, რა თქმა უნდა ეს დისკომფორტს დამსვენებელს შეუმქნის. ვცდილობთ, რომ ეს საკითხები დროულად და ხარისხიანად მოვაგვაროთ. მესტიაში, ყაზბეგში, მეტ-ნაკლებად წყალმომარაგების პრობლემები აღმოფხვრილია, თუმცა ავარიები ხანდახან ყველგან შეიძლება მოხდეს. 
ჩვენი ამოცანაა რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ისეთი ინფრასტრუქტურა შევქმნათ, რომელიც გათვლილი იქნება მრავალწლიან მომსახურებაზე და მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით უზრუნველყოფს. 

- საკმაოდ აქტუალურია ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის პრობლემა, რადგან უმეტესად ეს ობიექტები მოძველებულია. რა პროექტები ხორციელდება რეგიონებში ამ მიმართუელბით და რა არის კომპანიის როლი გარემოს დაცვის ხელშეწყობის კუთხით? 

- მნიშვნელოვან როლი აქვს კომპანიას მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ამ ეტაპზე, კომპანია სტრატეგიული მნიშვნელობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდ ნაგებობებს აშენებს ურეკში, ანაკლიაში, ზუგდიდსა და ფოთში. დაგეგმილია გვაქვს დამატებით 10 გამწმენდის ნაგებობის მშენებლობა. აღნიშნული ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებენ, რაც შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და გარემოს დაბინძურების რისკებს. 
გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სრულად პასუხობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან ‘’ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს წყალარინების სექტორის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით.
2021 წლისთვის საკმაოდ წინ ვიქნებით ამ მხრივ და ყველა დირექტივა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეა დაკისრებული, აუცილებლად იქნება შესრულებული. 

- რაც შეეხება ტარიფებს, ხომ არ აპირებთ სემეკისთვის მიმართვას ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით? 
- ჯერჯერობით ამ კუთხით რაიმე სიახლე არ იგეგმება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს აქტივების აღრიცხვა. 2019 წელს უკვე სრულად გვეცოდინება რა მდგომარეობაშია ჩვენი ოპერირების არეალში არსებული ქსელები და რა ღირებულებისაა ის. მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლოა, მოხდეს განაცხადის შეტანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი), რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, აწესებს ტარიფებს და არეგულირებს ამ პოლიტიკას. 

ალექსანდრე ნაბახტეველი
„ინტერპრესნიუსი“