კომპანიაში ADB-ის მიერ დაფინანსებულ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს


2018-06-15

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებმა ირაკლი ურუშაძემ და ზაზა სიხარულიძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც ADB წყალმომარაგების სექტორში აფინანსებს.

ბანკის მხარდაჭერით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. დღეის მადგომარეობით, აზიის განვითარების ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე  გამოყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენბელობა/რეაბილიტაციის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს.

მინისტრის მოადგილემ და კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და  სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვეს.

 




სიახლეები