წყალმომარაგების კომპანია სამეგრელოში 245 მლნ. ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს


2022-11-17

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად რეგიონში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება. ამავე პერიოდში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტი ქ. აბაშაშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული “ხედვა 2030- ქვეყნის განვითარების სტრატეგიის” ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვაზე. პროექტის ღირებულება 27 მლნ. ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მშენებლობას, ხოლო არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტირების დაწყება 2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამ ეტაპზე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განახლდა ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობა. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია, სამ დამოუკიდებელ პროექტად განახორციელებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში 144 კმ-მდე წყალარინების ქსელი მოეწყობა.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს ქ. მარტვილში, სადაც პარალელურ რეჟიმში კომპანიას დამატებით გამოცხადებული აქვს ტენდერი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის შესყიდვის თაობაზე.

სამეგრელოში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები