წყალმომარაგება ტურისტულ ზონებში – პროექტები და მნიშვნელოვანი გამოწვევები



სასმელი წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია. მის გარეშე დედამიწა მკვდარი პლანეტა იქნებოდა. ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა წყლით მდიდარ საქართველოშიც დღემდე აქტუალურია. მთავარი მიზეზი კი ნახევარი საუკუნის წინ აშენებული, მაგრამ უკვე მოშლილი ინფრასტრუქტურაა. ამ მიმართულებით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, 80 -იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.  თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე არაერთი მიღწევაა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.   მრავალწლიანი უწყლობის შემდეგ, პრობლემა მოუგვარდა ქ. ფოთს, სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოს და ანაკლიას, სადაც მოსახლეობა  უკვე სარგებლობს 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით. ათეულობით დასახლებას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და გრაფიკი. ისტორიული სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი, სადაც წყალი საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა, დღეს უკვე უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგებით. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს სრული დატვირთვით, რომ დამატებით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი 2020 წლისთვის 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი, ქვეყნის მასშტაბით მოწესრიგდეს წყალარინების ინფრასტრუქტურა და გამწმენდი ნაგებობების მეშვეობით შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება.

წყალმომარაგების კომპანიის ძირითად მიმართულებებსა და ამოცანებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე, კომპანიის სამომავლო გეგმებზე… ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე გვესაუბრა.

– რა არის წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები?

– ჩვენს კომპანიას რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს. პირველი – ეს არის არსებული ინფრასტრუქტურისა და აქტივების მოვლა-პატრონობა და მათი ეფექტური მართვა; მეორე – წყლის ხარისხის კონტროლი; მესამე – ახალი პროექტების განხორციელება ევროპული სტანდარტების შესაბამისად,  ვინაიდან, ძირითადი  ინფრასტრუქტურა 60-70-იან წლებშია მოწყობილი და აშენებული,  დღეს უკვე  მოძველებული და ამორტიზებულია. სწორედ ამიტომ, ახალი პროექტების განხორციელება კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა; მეოთხე – შემოსავლების მობილიზება და ყოველწლიური ზრდა. მეხუთე – ენერგოეფექტურობა და როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული დანაკარგების შემცირება. ეს არის იმ ძირითადი მიმართულებების მოკლე ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც  აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში და ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით, ყველა მიმართულებით,  მკვეთრად  გაუმჯობესებული დინამიკა გვაქვს.

რა ვითარებაა წყალმომარაგების კუთხით ტურისტულ ზონებში?

– ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებაა ტურისტული ზონები. კონკრეტულად თუ ავიღებთ, მაგალითად ანაკლიას, სადაც 2 წლის წინ რთული ვითარება იყო, როგორც წყლის ხარისხის, ასევე წყალმომარაგების გრაფიკის მხრივ, დღეს უკვე 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს. დღეს ანაკლია უზრუნველყოფილია შესაბამისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით. რაც შეეხება ანაკლიის წყალარინების ინფრასტრუქტურას, მიმდინარე წელს დავამთავრებთ  გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებს ჩამდინარე წყლის სრულ ბიოლოგიურ წმენდას. აღნიშნული მკვეთრად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. იგივე შემიძლია გითხრათ მესტიაზე, სადაც წყალმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაჭრილია და მიმდინარე პროექტი დასრულების ეტაპზეა. შავი ზღვის სანაპირო ზოლის  მიმართულებითაც (ურეკი, გრიგოლეთი, შეკვეთილი) ვახორციელებთ კომპლექსურ პროექტებს.  წყალმომარაგება-წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება, ურეკისა და გრიგოლეთის მოსახლეობასა და დამსვენებელს 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროექტის ჯამური ღირებულება 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სხვა  ტურისტულ ზონებშიც – გუდაურში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კუთხით  გასულ წელს დავასრულეთ წყალმომარაგების პირველი ეტაპის სამუშაოები, რის შედეგადაც, ზამთრის სეზონზე,  ადგილობრივ მოსახლეობასა და  ტურისტებს წყალმომარაგების კუთხით პრობლემები აღარ შექმნიათ.  წელს, უკვე დაწყებულია სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოიცავს დამატებითი რეზერვუარების, მაგისტრალური ქსელისა და ჭაბურღილების მშენებლობას. პარალელურად, დავიწყებთ წყალარინების ქსელის მოწყობას და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც სრულ ბიოლოგიურ წმენდას ითვალისწინებს.  ასევე, მ/წელს დაიწყება ბაკურიანის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს დიდველის და კოხტას მიმართულებით ქსელების განვითარებას, ასევე პარალელურად დაიწყება მიტარბის წყალმომარაგებისათვის საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შედეგად, ბაკურიანი უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური წყალმომარაგებით.

საქართველოს ყველა ტურისტული ზონებში წყლის ინფრასტრუქტურა იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და სეზონის ყველა დროს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს მოსახლეობას და დამსვენებლებს.

– რატომ არის დაყოფილი სამშენებლო სამუშაოები ეტაპებად?

– ტურისტულ ზონებში, ძირითადად მაღალმთიან კურორტებზე სამშენებლო სეზონი ძალიან მცირეა, ამიტომაც, ზამთრის პერიოდს საპროექტო სამუშაოებისთვის ვიყენებთ და სამშენებლო სამუშაოებისთვის მაქსიმალურად ვითვისებთ გაზაფხული-ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის პერიოდს.

– რა კეთდება ტურისტულ ზონებში წყლის სისტემის მოდერნიზებისთვის და უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად?

– ზემოხსენებულ ტურისტულ ზონებში არსებული ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებული იყო და ქაოტურად  მოწყობილი. ეს ადგილები ინფრასტრუქტურულად ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება. შესაბამისად,  პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ გათვლილია 20-30 წლიან განვითარების პერსპექტივებზე.

– სად აქვს კომპანიას ამჟამად მიმდინარე პროექტები და რა მოცულობით სამუშაოებს ახორციელებთ?

– დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქალაქში 11 პროექტი ხორციელდება, ხოლო წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, 15 ახალი პროექტი დაიწყება. კომპანიას აქვს მეტად ამბიციური და დიდი გეგმები. 2017-2020 წლების განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით 50-ზე მეტ ახალ პროექტს განვახორციელებთ. 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ არ გვექნება არც ერთი ქალაქი და რაიონული ცენტრი, დაბა, სადაც  წყალმომარაგების პრობლემა იქნება გადაუჭრელი.

– რომელ ტურისტულ ქალაქებში გეგმავთ პროექტების დაწყებას 2017-2018 წლებში?

–ამჟამად მიმდინარეობს აბასთუმანის, ბაკურიანის, გუდაურის, ყაზბეგისა და თელავის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების საპროექტო სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში, დავიწყებთ საპროექტო სამუშაოებს მიტარბსა და ბახმაროში. 138 27 180 მლნ

– რა ადამიანურ და ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა?

– წყალმომარაგების კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა საჭიროებს როგორც ადამიანურ, ასევე დიდ ფინანსურ რესურსს. წყალმომარაგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სტატისტიკას თუ დავაკვირდებით და ავიღებთ მაგალითად  2012 წელს, დავინახავთ  რომ მთელი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 18-20 მილიონი ლარია, მაშინ როდესაც მდინარე წლის მხოლოდ პირველ კვარტალში შესრულებული სამუშოაების ღირებულებამ უკვე ბევრად გადააჭარბა ზემოაღნიშნულ თანხას. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, 110 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა, ხოლო მიმდინარე წელს ჩვენ  180 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რაც  2012 წელთან შედარებით 9-ჯერ მეტი და გასულ წლებთან შედარებით უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია.  რაც შეეხება ადამიანურ რესურს, კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 2700-ზე მეტი, სხვადასხვა ვიწრო პროფილური პროფესიის სპეციალისტი, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულები არიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.  ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ არსებული  კადრების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების მოზიდვაზე. ისინი ყოველწლიურად გადიან სხვადასხვა ტრენინგ-კურსს  და თეორიულ თუ პრაქტიკულ სწავლებებს,  ეუფლებიან საერთაშორისო, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ეცნობიან უცხო ქვეყნების გამოცდილებას, რომელსაც, შემდგომ ეფექტურად ვიყენებთ ჩვენი კომპანიის  საქმიანობაში.

– ძირითადად საიდან ხდება ფინანსური რესურსების მობილიზება?

– ფინანსების მობილიზება ძირითადად დონორი ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ხდება. ჩვენი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი არის აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ასევე, დღეის მდგომარეობით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ახალ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან.

– 2017 წელს რომელი მასშტაბური პროექტები დაიწყება და რა შედეგებზე იქნება გათვლილი?

– მიმდინარე წელს დაიწყება ჭიათურისა და მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა, ბოლნისის კოლექტორის მშენებლობა, ზუგდიდში – წყალარინების სისტემების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, გუდაურ-ბაკურიანში –პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები, ჯვარში – წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, სენაკის გარკვეულ პრობლემურ მონაკვეთზე შეიცვლება მაგისტრალური ქსელი. ასევე, აბაშაში  მოეწყობა ახალი მაგისტრალური ქსელი, თელავში დაიწყება წყალმომარაგების  სისტემების მშენებლობა,  ყაზბეგში ოთხი ქუჩის ქსელის რეაბილიტაცია, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ნორიოს, მარტყოფის, ვაზიანის, ახალი სამგორის და ახალი სოფელის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები.

აქვე მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ორი ისტორიული პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ. პირველი – ეს არის  საზღვრისპირა სოფელი უდაბნო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,  სადაც 40  წლიანი უწყლობის შემდეგ, დღეს ადგილობრივებს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვთ, რამაც სოფელში ახალი სიცოცხლე გააჩინა. წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები. ასევე მინდა გამოვყო მეორე, მეტად მნიშვნელოვანი პროექტი-დავით გარეჯის ლავრის წყალმომარაგება, რომელიც VI საუკუნეშია აგებული და აქ  წყალი არასდროს ყოფილა.  მიმდინარე წელს წყალმომარაგების კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, სამუშაოები დაასრულა  და დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი  24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

– როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

– წყალმომარაგების კომპანიის სამომავლო გეგმაა სწორედ ის, რომ 2020 წლისთვის არც ერთი ქალაქი არ იყოს სტაბილური წყალმომარაგების გარეშე. შესაბამისად, ამ მხრივ, ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ და აუცილებლად დადგება ის შედეგი, რასაც 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქვია, რისთვისაც მთავრობის აქტიური მხარდაჭერით ვმუშაობთ სრული დატვირთვით.

 

www.primetime.ge