თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 31 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს


2022-10-10

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს.
 
უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიისგან პროექტით დაგეგმილ შემდგომ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.
 
თელავში, არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. გამართული წყალმომარაგებისა და წყლის დებიტის გაზრდისთვის, ორი პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
 
ამ დროისთვის, უკვე დასრულდა თელავში ,,წიწმატიანის’’ პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალიდან 9 კმ-ის მოწყობა, დარჩენილი 2 კმ-ის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება. ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.
 
პროექტის შედეგად თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.
 
თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონი ლარია. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.




სიახლეები