"ევროპელებთან შედარებით დღე-ღამეში 10-ჯერ მეტ წყალს მოვიხმართ,რაც კატასტროფული მაჩვენებელია"



"არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ, ასეთი სიმდიდრე და წყლის რესურსი გააჩნია საქართველოს და რატომ უნდა გადავიხადოთ მოხმარებული წყლის გადასახადი. მესმის რომ წყლის დიდი რესურსი გვაქვს, მაგრამ იმისათვის რომ, მომხარებელს ჰქონდეს ხარისხიანი სასმელი წყალი, დღეღამის განმავლობაში ასეულობით ადამიანს უწევს შრომა და იხარჯება უამრავი რესურსი.

ძალიან დიდ გზას გადის წყალი მომხმარებლამდე მისასვლელად - ეს არის წყლის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება, რომელიც ასევე საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. საქართველოში წყლის უყაირათოდ მოხმარების მაჩვენებელი მაღალია.

წყალს კი გაფრთხილება და რაციონალურად ხარჯვა სჭირდება" - ამის შესახებ "აიპრესთან" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კომპანია დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან 2017 წელს საკმაოდ ამბიციური პროექტების განხორციელებას იწყებს.

ჩვენი კომპანია 9 რეგიონში ოპერირებს, სადაც 2700-მდე ადამიანია დასაქმებული. შემდეგ წელს 182 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. ქუთაისში, ურეკსა და ზუგდიდში ისტორიული პროექტები მიდინარეობს. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 50-მდე მოქმედი პროექტი, ჯამური ღირებულებით 700 მილიონი ლარი.

მიმდინარე წელს განვახორციელეთ 110 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი. 2013-2016 წლებში მთავრობის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე დაიხარჯა 24 მილიონ ლარზე მეტი. 2017 წელს ბიუჯეტიდან დაგეგმილია 6-დან 8 მილიონამდე ლარის გამოყოფა.

ყველა პროექტი, რომელიც დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება, ამავდროულად ხორციელდება მთავრობის თანადაფინანსებით.

აზიის განვითარების ბანკთან გვაქვს სასესხო ხელშეკრულება, რომელიც 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის სასესხო ხელშეკრულებით 180 მილიონი ევრო გამოყო.

ამ ორი დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით დაწყებული ყველა პროექტის შესრულებული სამუშოების 60%, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია, ხოლო დანარჩენი პროექტები 2020 წლისთვის ეტაპობრივად დასრულდება.

როდის დაიწყებთ რეგიონებში გამრიცხველიანებას?

გამრიცხველიანების პროცესი დაწყებულია, თუმცა ზოგიერთი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლები თავს არიდებენ გამრიცხველიანების პროცესს. მათ ამ საკითხთან მიმართებაში პრინციპული პოზიცია აქვთ. თვლიან, რომ ქვეყანაში, სადაც წყლის დიდი რაოდენობით რესურსია, მოსახლეობას სასმელი წყალი უფასოდ და აღურიცხავად (უმრიცხველოდ) უნდა მიეწოდებოდეს. 

სახელმწიფო, მთავრობა კოლოსალურ თანხებს ხარჯავს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე, წყლის საფასური ყველა ჩვენგანმა უნდა გადავიხადოთ. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებას გეგმავს მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.

ქართველი მომხმარებელი დღე-ღამეში რამდენ წყალს მოიხმარს?

ევროპაში 1 სულ მოსახლეზე დღე-ღამეში, ნორმით, დაახლოებით 120-დან 300 ლიტრამდე წყალია განსაზღვრული. რაციონალური მოხმარებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხარჯზე გერმანია 120 -დან 90 ლიტრზე აპირებს დაიყვანოს. პოლონეთი, ხორვატია, ლიტვა, ლატვია 300 ლიტრს წყალს მოიხმარს, საფრანგეთი 130-დან 180 ლიტრამდე და ა.შ.

საქართველოში 1 სული მოსახლე 3000 – 3500 ლიტრ წყალს მოიხმარს. მაგალითად ლაგოდეხის მოსახლეობა საშუალოდ 3500 - 3800 ლიტრს მოიხმარს, ანუ  საქართველოში ერთი სული მოსახლე ევროპელებთან შედარებით საშუალოდ ათჯერ მეტ წყალს მოიხმარს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. 

მესმის რომ წყლის დიდი რესურსის მქონე ქვეყანა ვართ, სადაც მარტო მდინარეთა რაოდენობაა 26 060-ია, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებსაც ეს ბუნებრივი სიმდიდრე თითებზე ჩამოსათვლელი აქვთ. თუმცა, ძალიან ცუდი და მძიმე მემკვიდრეობა გვერგო მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის კუთხით. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგებზე, რაც მიღწეულია და იმ გეგმებზე რაც შესრულდება. რთული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ეტაპობრივად ვახორციელებთ პროექტებს და ამის უამრავი შედეგი უკვე არაერთ ქალაქსა და სოფელში გვაქვს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა წყლის მიწოდება, განაწილება და თითოეულ ჩვენს მომხმარებლამდე მიყვანა და ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ წყლის რაციონალურ მოხმარება და შესაბამისი მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა. ჩემი თხოვნა იქნება, თითოეული ადამიანი მაქსიმალური გაგებით მოვეკიდოთ ამ პროცესებს.

ვინ არის მოხმარებული წყლის კარგი გადამხდელი?

ჩვენ ამის სტატისტიკა ვაწარმოეთ. მთელი რეგიონის მასშტაბით გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, თუმცა დავინტერესდით და გავაკეთეთ ანალიზი. აღმოჩნდა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებიდან ყველაზე კარგი გადამხდელები პენსიონერები არიან.

 

ირმა მესხია

www.ipress.ge