წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება


2020-09-25

,,რეგიონებში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით სამუშაოებს აქტიურად ვახორციელებთ. რამდენიმე პროექტი უკვე დავასრულეთ, მათ შორის ქუთაისის და ჭიათურის წყლის ახალი სისტემის მშენებლობა და მოსახლეობა უწყვეტ წყლის მიწოდებაზე გადავიყვანეთ. ეს იყო ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები, ვინაიდან ათწლეულების განმავლობაში სისტემა იყო სრულიად ამორტიზებული და ოჯახებს წლების განმავლობაში სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდებოდა. დღეს, ეს პრობლემა აღმოფხვრილია“ -აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს 45- ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება დამატებით 70-მდე პროექტის განხორციელება.

,,უკვე დასრულებულია ზუგდიდის წყლისა და წყალარინების ქსელის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, მათ შორის ურეკისა და ანაკლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები აბასთუმანში, ფოთში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში, სადაც ახალი, ევროპული სტანდარტების სისტემების მშენებლობისთვის ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

,,რაც შეეხება დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ დაახლოებით 2021-2024 წლებისთვის ვგეგმავთ ქუთაისში წყალმომარაგების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სადაც 100 მილიონ ევროს დავხარჯავთ, იგეგმება ხაშურის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც, რომლისთვისაც დაახლოებით 65 მილიონ ევროა გამოყოფილი დონორი ორგანიზაციის მიერ. გარდა ამისა, წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყობა სტეფანწმინდაში, ბაღდათში, სამტრედიაში, თელავში და ა.შ. მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტი პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭრით ჯამურად 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება “- აცხადებს გიგა მანდარია.

 

 




სიახლეები