მესტიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა


2015-06-30

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ქეით ჯულიანმა მესტიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრი გახსნეს და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
მესტიის სერვისცენტრი მუნიციპალიტეტის  3000 - მდე ფიზიკურ და 64  იურიდიულ პირს მოემსახურება. ოფისში ყველა პირობაა შექმნილი, რათა აბონენტებმა მაღალი ხარისხის მომსახურება ოპერატიულად მიიღონ. ოფისი უზრუნველყოფს მოქალქეთა ინფორმირებას მესტიაში მიმდინარე პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.
სერვისცენტრის გარდა, კომპანიის დირექტორმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სვანეთში განხორციელებული მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. მესტიის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. მოეწყო 10.6 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელი,  აშენდა ტიროლური კაშხლის  ტიპის წყალმიმღები და ზარგაშის 2 000 მ³ მოცულობის რეზერვუარი. მესტიაში სრულდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობაც, სულ გაკეთდა 42 კმ. წყალმომარაგების და  46.6 კმ. წყალარინების ქსელი, დამონტჟდა 1047 მრიცხველი, მოეწყო 1314 საკანალიზაციო ჭა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა  24 საათიან წყალმომარაგებას მიიღეებს.
მესტიაში ასევე იგეგმება,  წყლის და  კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება წყლის ხარისხი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.
 




სიახლეები