,,წყლის პროექტებთან დაკავშირებით ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორების მხრიდან გვაქვს“


2018-11-07

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიგა კაციას განცხადებით, წყალმომარაგების პროექტებთან დაკავშირებით ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან არსებობს და უწყება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ სწორი პროექტები დაიდოს.

მინისტრის მოადგილემ წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისას დაშვებულ ხარვეზებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე გადაცემა ,,საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

,,ყველა მსხვილი პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება. თანხების მიღება-არმიღებაზე შეფერხებები არ არსებობს, ჩამორჩენები ძირითადად კონტრაქტორების მხრიდან გვაქვს.   პრობლემები, რასაც ვეჯახებით არის კონტრაქტორი კომპანიების არაპროფესიონალური მენეჯმენტი და არასწორად დაგეგმილი პროექტები. ბოლო ექვსი თვეა, ინტენსიურად ვცდილობთ, რომ ყველაზე დიდი შრომა ჩაიდოს არა უშუალოდ სამშენებლო პროცესის განხორციელებაში,  არამედ უმთავრესია სწორი პროექტები დაიდოს. როდესაც პროექტი ხარვეზებით არის შედგენილი, შემდეგ უკვე ეს იქნება დამკვეთი თუ კონტრაქტორი, საკმაოდ რთული პროცესები მიდის, რაშიც დიდი დრო და ენერგია იკარგება’’-აღნიშნა კაციამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობისთვის სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა სტანდარტის სრულად დაცვა.

,,როდესაც წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ვსაუბრობთ, სრულად უნდა იყოს დაცული ციკლი - რეზერვუარიდან დაწყებული სისტემის მოწყობითა და მომხმარებლის ონკანამდე მიყვანით დასრულებული, რათა მოსახლეობა სტაბილური, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველვყოთ.  საგზაო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში შესაძლოა რაღაც ნაწილი გაკეთდეს და გზა ქსპლუატაციაში შევიდეს, მაგრამ წყალმომარაგების შემთხვევაში ასე არ ხდება. შესაბამისად, ტექნოლოგიურად ეს პროცესი ბევრად რთულია’’-აღნიშნა გიგა კაციამ.




სიახლეები