გიორგი კობერიძემ სემეკ-ში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა


2018-02-08

 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.

შეხვედრაზე, გიორგი კობერიძემ კომპანიის საქმიანობაზე და მიზნებზე ისაუბრა.  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, 55 ქალაქსა და 304 სოფელში ოპერირებს და, ამ ეტაპისთვის, 330 000 - მდე აბონენტს ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგება/წყალარინების ინფრასტრუქტურის კუთხით  კომპანიას რთული მემკვიდრეობა ერგო.  გასულ საუკუნეში მოწყობილი, წყალმომარაგებისა და წყალარინების  უკვე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა   ვეღარ აკმაყოფილებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. ობიექტებს  სარეაბილიტაციო სამუშაოები, ათეული წლების განმავლობაში, კომპანიის დაარსებამდე (2010 წლამდე) არ  ჩატარებია. სწორედ ამიტომ,  კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუტურის მოსაწესრიგებლად.  ამ მიმართულებით, კომპანია აქტიურად  მუშაობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

ბოლო 5 წლის მანძილზე, კომპანიამ  განახორციელა 49 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამური ღირებულებით - 90 268 514  ლარი.   შედეგად,  2013 წლიდან დღემდე წყალმომარაგების რეჟიმები გაუუმჯობესდა 200 000-მდე მოსახლეს,  მათ შორის 73 000-მდე მომხმარებელი უკვე სარგებლობს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ბოლო 5 წლის მანძილზე ფიქსირდება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე წლიურად გახარჯული თანხების ათვისების მზარდი დინამიკა. თუ 2013 წელს კომპაინამ 23 მლნ. ლარის ღირებულების  სამუშაოები განახორციელა, დღეს ეს თანხა 6.5-ჯერ არის გაზრდილი და 2018 წლის გეგმა 150 მილიონ ლარს შეადგენს.

გიორგი კობერიძემ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წელს დაგეგმილი 10 ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე და  ამჟამად მიმდინარე იმ 19 მასშტაბურ  პროექტზე (ჯამური ღირებულებით 524 239 014 ლარი),  რომელთა დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი აბონენტი ისარგებლეს 24 საათიანი წყალმომარაგებით და მოდერნიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი,  წყალარინების ინფრასტრუქტურით. 

 

 




სიახლეები