თეთრიწყაროს მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს


2011-09-30

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის დირექტორმა, ირაკლი კვაშილავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილსა და პრეზიდენტის რწმუნებულ ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძეს პირადად გააცნო თეთრიწყაროში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.       

თეთრიწყაროს მოსახლეობას გაუმართავი წყალმომარაგების პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდა.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე 2300-მდე ოჯახს წყალი კვირაში 2-3 დღე რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია  წყლის 2 სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და თეთრწყაროს 15 ქუჩაზე მილსადენების ქსელის მოწყობა.  ამჟამად მიმდინარეობს მილების ჩაწყობის სამუშაოები ერთდროულად  ქალაქის 4 ქუჩაზე. რეაბილიტაციის შედეგად,  თეთრიწყაროს მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 5 საათიანი გრაფიკით მიიღებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტს, საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია  ახორციელებს.

 




სიახლეები