ზამთრის სეზონზე ბაკურიანის შეუფერხებელი წყალმომარაგებისთვის ორ პროექტზე ტენდერი გამოცხადდა


2020-07-07

ზამთრის საკურორტო სეზონზე ბაკურიანის სასმელი წყლის დებიტის გაზრდისა და დაბის შეუფერხებლად წყალმომარაგებისთვის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად, ორი ტენდერი გამოაცხადა.

დაბა ბაკურიანში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე წინადადების მიღება 20 ივლისს, ხოლო ბაკურიანში წყლის სისტემის ოპტიმიზაციის სამუშაოებზე 17 ივლისს სრულდება. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ლარამდეა.

გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში უნდა დაასრულონ. სამუშაოების შედეგად, ზამთრის საკურორტო სეზონზე დებიტის სიმცირის პრობლემა აღმოიფხვრება და დაბას სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. ასევე, ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას. გარდა ამისა, მოეწყობა ჭაბურღილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის შემკრებ კამერებს, სატუმბო სადგურსა და წყლის გამწმენდ ნაგებობას.

ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ ზამთრის სეზონზე გამოიწვია წყლის დებიტის სიმცირე და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება –23,018,818 ლარია.




სიახლეები