რეგისტრაცია

აბონენტის დარეგისტრირებისათვის საჭირო
დოკუმენტები და პროცედურები

აბონენტის დარეგისტრირებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხის ჩამონათვალი და ასევე რეგისტრაციის პროცედურები მოცემულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესახებ” დებულების მე-4 მუხლში. ამ მუხლის მიხედვით:


1. მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
2. სასმელი წყლის მომხმარებელი ვალდებულია, სასმელი წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.
4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის მიმწოდებელთან.
5. პირს, მის მიერ უძრავ ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტარციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს, განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორეს მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, წყალმომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.

8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) მიმწოდებელის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება და სხვა მომსახურების გაწევა;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) სასმელი წყლის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ა) წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ბ) ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრების თაობაზე.
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია).